მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რიცხვი მკვეთრად შემცირდა
2020-06-09
გააზიარე:

დღეის მდგომარეობით საფინანსო ბაზარზე ჯამში 42 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქმიანობს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 20 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი ბოლო ფაქტი 4 Finance (ყოფილ Vivus.ge-ს) უკავშირდება, რომელიც 2020 წლის 11 ივნისიდან ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რიცხვის ამგვარი მკვეთრი შემცირება ძირითადად იმ რეგულაციებს უკავშირდება, რომელთა დანერგვაც ქვეყანაში პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ფარგლებში მოხდა. 2017 წელს სესხის პროცენტის მაქსიმალური განაკვეთი 100%-ით განისაზღვრა, რაც მაშინ ონლაინ სესხების ე.წ "საბაზრო" განაკვეთზე რამდენჯერმე დაბალი იყო. 2018 წელს კი საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი 50%-ით განისაზღვრა. შედეგად მივიღეთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძირითადად ბაზარი იმ ონლაინ გამსესხებლებმა დატოვეს, რომელთა ბიზნესმოდელი ვერ მოდიოდა თანხვედრაში რეგულაციით გათვალისწინებულ წესებთან.

მეორეს მხრივ კი, მისოების ლიკვიდაციის მიზეზი ამ სექტორისათვის (მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის) გარკვეული კოეფიციენტების, კერძოდ კი, ლიკვიდურობის და კაპიტალის ადექვატურობის კოეფიციენტების დაწესება გახდა.

რაც შეეხება დღეს არსებულ მიკროსაფინანსო ბაზარს, 2020 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, აქტივების ზომის თვალსაზრისით, უმსხვილესი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალია", ბაზრის მეორე უმსხვილესი მოთამაშე კი “რიკო ექსპრესია”.