მომხმარებელთა უფლებები

1)   მომხმარებელთა უფლებები

ფინანსური ორგანიზაციის მსესხებელთან ურთიერთობის სტანდარტი

ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მსესხებელთან ურთიერთობისას დაიცვას ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკით მიღებული ნორმები და იმოქმედოს კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, რათა ხელი შეუწყოს ფინანსური სექტორის მიმართ მომხმარებლებში სანდო პარტნიორის რეპუტაციის გამყარებას.

დაუშვებელია მსესხებელთან ურთიერთობისას, მათ შორის, მსესხებლის მხრიდან ფინანსური ორგანიზაციის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას მსესხებლის პირდაპირი ან/და ირიბი გზით იძულების მიზნით არასწორი ინფორმაციის მიწოდება და შეცდომაში შეყვანა, მსესხებლის რეპუტაციის შემლახავი ქმედებების განხორციელება, მათ შორის, ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან მესამე პირებისთვის ინფორმაციის მიწოდების ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებების გამოყენებისას.

მსესხებლის ინფორმირების სტანდარტი

ხელშეკრულების გაფორმებამდე ფინანსურმა ორგანიზაციამ პოტენციურ მსესხებელს უნდა მიაწოდოს საფინანსო პროდუქტის პირობების შესახებ უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი, წინასწარ ცნობილი და მის ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. მიწოდებულმა ინფორმაციამ სესხის მიღებით დაინტერესებულ პირს არ უნდა უბიძგოს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში.

სრული და უტყუარი ინფორმაციის მიწოდება უნდა მოხდეს აგრეთვე საფინანსო პროდუქტის რეკლამირებისას. იმ შემთხვევაში, თუ სასესხო პროდუქტის პირისათვის შეთავაზება ხდება პირადად, ფინანსურმა ორგანიზაციამ დაინტერესებულ პირს სავალდებულო სახით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საფინანსო პროდუქტის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე.

ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მსესხებელს/პოტენციურ მსესხებელს:

Ø  მიაწოდოს ინფორმაცია საფინანსო პროდუქტებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკების შესახებ. ამასთანავე, ხელშეკრულების გაფორმებამდე გააცნოს მას ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები და მხოლოდ კლიენტის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ გააფორმოს მასთან ხელშეკრულება;

 

Ø  მიაწოდოს ინფორმაცია სავალუტო რისკის შესახებ, როდესაც კლიენტს შემოსავლები სესხის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში აქვს. ხოლო თუ სესხი გაიცემა ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთებით (გარდა ინფლაციის ინდექსზე მიბმული სესხისა), ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია კლიენტს მიაწოდოს ინფორმაცია სესხზე გადასახდელი თანხის ზრდის რისკზე;

 

Ø  მიაწოდოს ინფორმაცია სესხის დაუბრუნებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებულ რისკებზე;

 

Ø  შესთავაზოს, ხოლო კლიენტის თანხმობის ან მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მატერიალურად ან მისთვის ხელმისაწვდომი სხვა სანდო საშუალებით მიაწოდოს ხელშეკრულების ნიმუში, რომელშიც სრულად იქნება მითითებული ხელშეკრულების ყველა ზოგადი მუხლი და წინასწარ ცნობილი პარამეტრი. კლიენტის მიერ სპეციალური საფინანსო პროდუქტის მიღებასთან/დაინტერესებასთან დაკავშირებული განაცხადის გაკეთების შემდეგ მისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ხელშეკრულების ნიმუში კლიენტისათვის შესათავაზებელი კონკრეტული პირობების მითითებით.

 

მსესხებლის მიერ სესხის გადახდის ვადაგადაცილებისა და სხვა ნებისმიერი ტიპის დავალიანების წარმოშობის, ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შეწყვეტის/დროებით შეჩერების შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია გამოიყენოს მსესხებლის მიერ მისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაცია და აღნიშნულის შესახებ მსესხებელს, ასევე თანამსესხებელს და/ან თავდებს და/ან სოლიდარულ თავდებს (არსებობის შემთხვევაში) შეატყობინოს ზემოაღნიშნული გარემოების დადგომისას დაუყოვნებლივ, ფინანსური ორგანიზაციის ტექნიკური მოწყობის შესაძლებლობების ფარგლებში, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა. 

 

 

 

სესხის ხელშეკრულების ფორმა

სესხის ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც მატერიალური, ისე დისტანციური ფორმით. ამასთან, ნებისმიერ შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ მსესხებელს უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების დედანი, ხოლო სადაც ეს შეუძლებელია - ხელშეკრულების ასლი.

დისტანციური ფორმით დადებულად ითვლება ხელშეკრულება, რომლის მსესხებლისათვის შეთავაზება და დადება სრულად განხორციელდა ფინანსური ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ერთი ან რამდენიმე დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით. ამგვარი ხელშეკრულება ძალაში შედის შეთავაზებულ პირობებზე ფინანსური ორგანიზაციის მიერ მსესხებლის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ. ამასთან, ძალაში შესვლამდე გონივრული დროით ადრე ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მსესხებლის მიერ მიღების დასტურის, ასევე მსესხებლის მხრიდან შეთავაზებულ პირობებზე თანხმობის მიღება.

დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით პირობების შეთავაზებისას ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია დისტანციურად დადებული ხელშეკრულების პირობების ძალაში შესვლამდე გონივრული ვადით ადრე, მატერიალურად ან კლიენტისათვის ხელმისაწვდომი სხვა სანდო საშუალებით, მიაწოდოს მას სახელშეკრულებო პირობები.

დისტანციურად დადებული ხელშეკრულება მატერიალური სახით მსესხებლის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, ასევე პირობების შეცვლისას ყველა ასეთ შემთხვევაში, მსესხებლისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს უფასოდ.

 

 

სესხის ხელშეკრულების სავალდებულო პირობები

სესხის ხელშეკრულება სავალდებულოდ უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

1)         საფინანსო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების აღწერა;

2)         საფინანსო პროდუქტის გაცემასთან, შენარჩუნებასა და დასრულებასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები;

3)         საფინანსო პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, დამრგვალებულ, სულ მცირე მეათედამდე, ასევე ინფორმაცია იმ ფინანსური ხარჯების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში;

4)         ინფორმაცია საფინანსო პროდუქტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ფინანსური რისკების შესახებ;

5)         ანგარიშსწორებისა და მიწოდების პირობები;

6)         ინფორმაცია იმ დამატებითი ხარჯების შესახებ, რომელთა გაწევაც მოუწევს მსესხებელს კონკრეტულად დისტანციური კომუნიკაციის საშუალების გამოყენების გამო;

7)         ფინანსური ორგანიზაციის დასახელება, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიდენტიფიკაციო ნომერი, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ფორმა;

8)         ფინანსური ორგანიზაციის რეგისტრაციის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

9)         თუ საფინანსო პროდუქტთან დაკავშირებული ხელშეკრულებით მსესხებელს ურთიერთობა უწევს ფინანსური ორგანიზაციის გარდა სხვა პირთანაც, ამ პირის დასახელება, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიდენტიფიკაციო ნომერი და მსესხებელთან დაკავშირებული საქმიანობის ფარგლები. ასევე ის მისამართი, რომელიც რელევანტურია მსესხებლისათვის ამ პირთან ურთიერთობისათვის;

10)     შემდეგ მითითებას: „გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე –  032 2 406 406”.

11)     საპროცენტო განაკვეთი ან განაკვეთები, თუ აღნიშნული განსხვავებულ მნიშვნელობებს იღებს მსესხებლის ქმედებასთან დაკავშირებული გარემოების დადგომიდან გამომდინარე, თითოეული გარემოების მითითებით;

12)     საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შესაძლებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ იმ ცალკეული გარემოებების/წესების მითითებით, რომლის მიხედვითაც განხორციელდება ცვლილებები, ასევე მოსალოდნელი ცვლილებების მსესხებლისათვის წინასწარ შეტყობინების წესი და ვადა;

13)     ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენების შემთხვევაში ინდექსი, რომელზეც საპროცენტო განაკვეთია მიბმული, იმ ინდექსის საჯარო ხელმისაწვდომობის წყარო, რომელზეც საპროცენტო განაკვეთია მიბმული და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა რეგულარულობით და ფორმით მიეწოდება მსესხებელს ინფორმაცია ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის მიერ მიღებული მნიშვნელობების შესახებ, აგრეთვე ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების დეტალური წესი;

14)     საკრედიტო ბარათის/ოვერდრაფტის გამოყენების შემთხვევაში ორი სხვადასხვა მეთოდით გაანგარიშებული სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული საკრედიტო პროდუქტისათვის, ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში გაანგარიშებული სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი; უცხოური ვალუტით გაცემული ინდექსირებულ განაკვეთიანი საკრედიტო პროდუქტისათვის, დამატებით, ინდექსის შესაძლო 3% პუნქტით, ხოლო ლარში გაცემული ინდექსირებული განაკვეთიანი საკრედიტო პროდუქტისათვის, დამატებით, ინდექსის შესაძლო 5% პუნქტით წლის განმავლობაში ზრდის შემთხვევაში გაანგარიშებული სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი;

15)     ფინანსურ ორგანიზაციაში პრეტენზიის წარდგენის ფორმები, პრეტენზიების განხილვის პროცედურის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წყარო, მაქსიმალური ვადა პასუხის მიღებისათვის თითოეული ფორმით გამოხატულ პრეტენზიაზე, ფინანსური ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც შესაძლებელია პრეტენზიის წარდგენა, ასევე პრეტენზიების განხილვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მექანიზმები.

16)     სესხის ვადა;

17)     სესხის მთლიანი თანხა;

18)     სესხის მთლიანი თანხიდან მისაღები თანხის პირობები, მათ შორის: სესხის მთლიანი თანხიდან ფინანსური ხარჯების გამოკლებით დარჩენილი გასატანი თანხის ოდენობა, პერიოდულობა/გატანის თარიღები და გატანების საერთო რაოდენობა;

19)     სადაც შესაძლებელია, სესხის დასაფარად შენატანების ოდენობა, სიხშირე/შენატანების განხორციელების მაქსიმალური ვადები და საერთო რაოდენობა, შენატანების ოდენობა გამოსახული უნდა იყოს, სულ მცირე, თანხობრივად;

20)     შესაძლო პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გაანგარიშების წესი;

21)     ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები;

22)     სესხის ვადაზე ადრე დაფარვის უფლება და შესაძლო დამატებითი ხარჯები, რომელიც წარმოიშობა ამ უფლების გამოყენებისას, აღნიშნული ხარჯების სიდიდე ან გამოთვლის მეთოდი.

ხელშეკრულებაში ინფორმაცია გასაგებად უნდა იყოს ფორმულირებული და მოცემული ადვილად წასაკითხი და აღქმადი ფონტის ზომით, ამასთან ფონტის ზომა არ უნდა იყოს 10-ზე ნაკლები.

 

სესხის ხელშეკრულების თავსართი

ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია სესხის ხელშეკრულებებს გაუკეთოს თავსართი, რომელსაც უნდა ჰქონდეს სავალდებულო სათაური – „ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები“. თავსართში ინფორმაცია მოცემული უნდა იყოს მსესხებლისათვის ადვილად აღსაქმელი ფონტის ზომით, მაგრამ არანაკლებ 12-ისა.

ხელშეკრულების თავსართში ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს სესხის საპროცენტო განაკვეთი, ფინანსური ხარჯები და სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია (როგორიცაა სესხის მთლიანი თანხის მოცულობა, სესხის ვადა, წინსწრებით დაფარვის საკომისიო და ფინანსური სანქციის მოცულობა ვადაგადაცილების შემთხვევაში). ხელშეკრულების თავსართში აგრეთვე სავალდებულოდ უნდა განათავდეს შემდეგი წინადადებები:  

ა) „გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე –  032 2 406 406”.

ბ) „უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!“ ასევე „ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს“ (იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება ითვალისწინებს სესხის გაცემას უცხოური ვალუტით);

გ) „ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთიანი სესხი (გარდა ინფლაციით ინდექსირებულისა) მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!“ აღნიშნულ ჩანაწერს უნდა მოსდევდეს: „ საჯარო ინდექსის ცვლილებამ შესაძლოა შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს.“ (იმ შემთხვევაში, როდესაც სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი);

 

იმ შემთხვევაში, თუ სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებს მასში მოცემული პირობების ფინანსური ორგანიზაციის მიერ ცალმხრივი ცვლილების შესაძლებლობას, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აგრეთვე უნდა განთავსდეს ხელშეკრულების თავსართში. ამასთან, ხელშეკრულების თავსართში უნდა მიეთითოს ხელშეკრულების პირობების ცვლილების შემთხვევაში მსესხებლის ინფორმირების ხელშეკრულებით განსაზღვრული  საკომუნიკაციო არხი და ვადა.

 

ცვლილება სესხის ხელშეკრულებაში

სესხის ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, თუ იცვლება სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ცვლილებების და/ან დამატების შესახებ ხელშეკრულება უნდა მოიცავდეს მინიმუმ იმ პირობებს, რომლებმაც განიცადეს ცვლილება და ხელშეკრულების თავსართს. ამ შემთხვევაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი დათვლილი უნდა იყოს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თარიღიდან ხელშეკრულების დასრულებამდე პერიოდზე.

თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს ხელშეკრულების პირობების, მათ შორის საპროცენტო განაკვეთის ცალმხრივი ცვლილების შესაძლებლობას, ფინანსურმა ორგანიზაციამ მსესხებელს უნდა შესთავაზოს მინიმუმ ერთი მსესხებლისათვის ხელმისაწვდომი და მისაღები, უფასო წინასწარი შეტყობინების ინდივიდუალური საკომუნიკაციო, მათ შორის, მატერიალური ან ელექტრონული არხი (მოკლე ტექსტური შეტყობინება, ინტერნეტბანკი, სატელეფონო ზარი და ა.შ.) და ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს შეტყობინების მსესხებელთან შეთანხმებული არხი, წესი და ვადა.

ფინანსურ ორგანიზაციასა და მსესხებელს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე წინასწარი შეტყობინების ვალდებულების გაუქმება დასაშვებია ისეთ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება სესხის ხელშეკრულების პირობების ცვლილება მსესხებლის სასარგებლოდ.

იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებაში მოცემული პირობების შესაბამისად მოსალოდნელია ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის და/ან ხელშეკრულების სხვა პირობების ცვლილება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეები შეთანხმდებიან წინასწარი შეტყობინების ვალდებულების გაუქმებაზე, ფინანსურმა ორგანიზაციამ აღნიშნულის შესახებ მსესხებელს უნდა აცნობოს ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინების ფორმით, ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე.

 

 

 

ინფორმაციის / დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა

ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია თავდებობის/სოლიდარული პასუხისმგებლობის ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის, ასევე იპოთეკის და/ან გირავნობის საგნის მესაკუთრისათვის ხელმისაწვდომი გახადოს მსესხებელთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თავსართისა და, მოთხოვნის შემთხვევაში, ხელშეკრულების ასლები იმავე ფორმით, რა ფორმითაც გაფორმებულია მსესხებელთან და აღნიშნული ვალდებულების თაობაზე წინასწარ წერილობით აცნობოს მსესხებელს.

მსესხებლის მიერ მის სარგებლობაში არსებული საკრედიტო პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ მას, ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე, დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია:

ა) სესხის ნაშთი;

ბ) სესხის შემდგომი შენატანის ვადა და ოდენობა;

გ) საშეღავათო ან სხვა პირობების არსებობის შემთხვევაში ინფორმაცია მათ შესახებ და ამ პირობის გამოყენებისათვის არსებული ვადები და საჭირო შენატანები;

კლიენტის მიერ მის სარგებლობაში არსებული ოვერდრაფტისა და საკრედიტო ბარათით მომსახურების გაწევისას, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ მას, ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე, დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია:

ა)   ანგარიშიდან ათვისებული ლიმიტის შესახებ ინფორმაცია;

ბ) ოვერდრაფტის/საკრედიტო ბარათის საპროცენტო განაკვეთი ან განაკვეთები ამონაწერის პერიოდის განმავლობაში;

გ) მინიმალური სავალდებულო გადასახდელი თანხა, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებაში;

დ) საშეღავათო ან სხვა პირობების არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია მათ შესახებ და ამ პირობის გამოყენებისათვის საჭირო ვადები და შენატანები.

ოვერდრაფტით და/ან საკრედიტო ბარათით სარგებლობის შემთხვევაში ფინანსურმა ორგანიზაციამ კლიენტს უნდა შესთავაზოს ანგარიშის ამონაწერის მინიმუმ ყოველთვიური სიხშირით გაცემის მომსახურება ყოველგვარი დამატებითი გადასახდელების გარეშე. კლიენტის მიერ აღნიშნული მომსახურების მიღების სურვილის შემთხვევაში, ფინანსურმა ორგანიზაციამ მას უნდა შესთავაზოს მომსახურების მიწოდების წერილობითი ან ელექტრონული ფორმა. ამ პუნქტის მიზნებისათვის წერილობითი შეტყობინების მომსახურებას მიეკუთვნება წერილობითი დოკუმენტის კლიენტისათვის დაუყოვნებლივ გაცემა მისი ფინანსურ ორგანიზაციაში გამოცხადების შემთხვევაში.

მსესხებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მას დაუყოვნებლივ, მატერიალურად ან მსესხებლისათვის ხელმისაწვდომი სხვა სანდო საშუალებით, მსესხებლის მოთხოვნის შესაბამისად, მიაწოდოს:

ა) ხელშეკრულების ასლი, რომელიც შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა იყოს დამოწმებული ფინანსური ორგანიზაციის აღნიშვნებით. ამასთან, მოქმედი ხელშეკრულებებისთვის, ასევე ხელშეკრულებებისთვის, რომელთა მოქმედების დასრულებიდან/შეწყვეტიდან არ გასულა 2 წელი, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, აღნიშნული ხელშეკრულებების ასლის გაცემა უნდა იყოს უფასო;

ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშების დეტალური წესი. ამასთან, მოქმედი ხელშეკრულებებისთვის, ასევე ხელშეკრულებებისთვის, რომელთა მოქმედების დასრულებიდან/შეწყვეტიდან არ გასულა 2 წელი, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, აღნიშნული წესის გაცემა უნდა იყოს უფასო. ინდექსის ყოველი ცვლილებიდან აღნიშნული ვადა აითვლება ახლიდან;

გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული განახლებული მომავალი შენატანებისა და გამოტანების დეტალური გრაფიკი, რომელშიც მოცემული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია: სესხის ძირითადი თანხა, პროცენტი, ფინანსური ორგანიზაციის მიერ დაწესებული სხვა გადასახდელები, სესხის დარჩენილი ვადა. ამასთან, გრაფიკის ყოველი ცვლილებისას, ასევე, ცვლილების გარეშე მინიმუმ წელიწადში ერთხელ გრაფიკის გაცემა უნდა იყოს უფასო;

დ) განხორციელებული შენატანებისა და გამოტანების დეტალური ამონაწერი, რომელშიც მოცემული უნდა იყოს მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია: სესხის ძირითადი თანხა, საპროცენტო განაკვეთი, პროცენტის თანხა, ფინანსური ორგანიზაციის მიერ დაწესებული სხვა გადასახდელები. ამასთან, მოქმედი ხელშეკრულებებისათვის, ასევე ხელშეკრულებებისთვის, რომელთა მოქმედების დასრულებიდან/შეწყვეტიდან არ გასულა 2 წელი, მინიმუმ წელიწადში ერთხელ აღნიშნული ამონაწერის გაცემა უნდა იყოს უფასო;

ე) ინფორმაცია ანგარიშის თაობაზე დამოწმებული ამონაწერის სახით. მინიმუმ თვეში ერთხელ, მაქსიმუმ უკანასკნელი ორი წლის პერიოდის ამონაწერის გაცემა უნდა იყოს უფასო.  კლიენტისათვის მიწოდებული ანგარიშის ამონაწერი უნდა მოიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას: ინფორმაცია ანგარიშიდან თანხის გატანის/გადარიცხვის და ანგარიშზე თანხის შეტანის/ჩარიცხვის თარიღებისა და ოდენობების შესახებ მინიმუმ ბოლო ამონაწერის შემდგომი პერიოდიდან ან კლიენტის მიერ მოთხოვნილი პერიოდიდან.

აღნიშნული ინფორმაციის ოფიციალურ ბლანკზე (წინასწარ ამობეჭდილ და სპეციალური აღრიცხვის ტიტულოვან ფურცელზე) განთავსების შემთხვევაში, ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს დააწესოს საკომისიო. ასეთ შემთხვევაში, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია კლიენტს შესთავაზოს ინფორმაციის გაცემა უფასო ალტერნატივის სახით.

ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია შეინახოს მსესხებლისათვის გაგზავნილი შეტყობინებების დამადასტურებელი ინფორმაცია ხელშეკრულების სრული მოქმედების პერიოდში, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ხანდაზმულობისა და გასაჩივრების ვადების გასვლამდე, თუ კანონმდებლობით უფრო ხანგრძლივი ვადა არ არის გათვალისწინებული. ამასთან, მსესხებლის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში ფინანსურმა ორგანიზაციამ ხელმისაწვდომი უნდა გახადოს აღნიშნული ინფორმაცია.

 

პრეტენზია ფინანსური ორგანიზაციის მიმართ

ფინანსური ორგანიზაციის და/ან მისი ნებისმიერი პროდუქტის მიმართ უკმაყოფილების, დაუთანხმებლობის ან/და საჩივრის არსებობის შემთხვევაში, პირს უფლება აქვს წარუდგინოს ორგანიზაციას პრეტენზია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ფინანსურ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს პრეტენზიის მიღებისა და განხილვის სტანდარტული პროცედურა.

ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია პრეტენზია შეისწავლოს და განიხილოს მისი მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში და შედეგები აცნობოს პრეტენზიის წარმდგენ პირს, აგრეთვე, სადაც შესაძლებელია, შესთავაზოს მას პრეტენზიის გადაწყვეტის პირობები.

დაუშვებელია პრეტენზიის წარდგენა, თუ:

ა) ფინანსურ ორგანიზაციას წერილობითი ან ელექტრონული ფორმით უკვე განხილული აქვს იმავე პირის იგივე პრეტენზია წერილობითი ფორმით და ადგილი არ აქვს დამატებით მნიშვნელოვან ფაქტებსა და გარემოებებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით;

ბ) პრეტენზია ეხება ფინანსური ორგანიზაციის უარს კლიენტისათვის ფინანსური პროდუქტის მიწოდებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ფინანსურ ორგანიზაციას ეკისრება აღნიშნული ფინანსური პროდუქტის მიწოდების ვალდებულება;

გ)   პრეტენზიის მიზეზს წარმოადგენს შეფერხებები ან უარი მომსახურების გაწევაზე, რომლებიც განპირობებულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებით, მათ შორის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

 

ერთიან ბაზაში დაცულ საკრედიტო მონაცემებზე ხელმისაწვდომობა

მსესხებელს უფლება აქვს ჰქონდეს წვდომა მის შესახებ საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროში დაცულ ინფორმაციაზე. კერძოდ, მსესხებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს და მიიღოს მასზე ბიუროში დაცული ინფორმაცია ბიუროს მიერ დადგენილი საფასურის სანაცვლოდ, ხოლო წელიწადში სამჯერ – უფასოდ, მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით. ბიურო ვალდებულია საკრედიტო ინფორმაციის ამონაწერი გასცეს არაუგვიანეს მოთხოვნის მიღებიდან ერთი სამუშაო დღისა.

 

პირის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნით ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს ბიუროს მონაცემთა ბაზაში გადაამოწმოს მის შესახებ დაცული ინფორმაცია, მხოლოდ აღნიშნულის თაობაზე უნდა გააჩნდეს მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობა (თანხმობის აღებიდან გადამოწმებამდე არ უნდა იყოს გასული 30 სამუშაო დღეზე მეტი). ფინანსური ორგანიზაცია აგრეთვე ვალდებულია მოახდინოს მსესხებლის სავალდებულო წესით ინფორმირება მონაცემების ბიუროში გაგზავნის თაობაზე.

მსესხებელს უფლება აქვს ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის პრეტენზია, დააფიქსიროს უშუალოდ ბიუროში და/ან საქართველოს ეროვნულ ბანკში ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში და მოითხოვოს მონაცემთა შესაბამისი ცვლილება/დაბლოკვა/წაშლა კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემთხვევებში.