ხშირად დასმული კითხვები
ვარ პენსიონერი. აქვს თუ არა უფლება ფინანსურ ორგანიზაციას დამიკავოს კუთვნილი პენსია?

თუ თქვენს მიმართ დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება თქვენი პენსიიდან (მათ შორის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული პენსიიდან). ამასთან, ყადაღისაგან თავისუფლდება საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი. შესაბამისად, თქვენი პენსიიდან დაკავდება თქვენი კუთვნილი პენსიის მთლიან თანხასა და საარსებო მინიმუმს შორის სხვაობის ოდენობით თანხა.
მაგალითი: პირობითად, თუ საარსებო მინიმუმის დადგენილი ოდენობა შეადგენს 206 ლარს, ხოლო თქვენი პენსია შეადგენს 220 ლარს, ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ 14 ლარი (220 ლარს - 206 ლარი = 14 ლარი).

ვარ სოციალურად დაუცველი.ჩემს მიმართ დაწყებულია აღსრულება. აქვს თუ არა უფლება აღმასრულებელს დააყადაღოს ჩემი კუთვნილი უძრავ/მოძრავი ქონება?

ყადაღას არ ექვემდებარება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული იმ ოჯახის წევრის ქონება, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელიც საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია. ამასთან, ამ საერთო წესიდან გამონაკლისს წარმოადგენს ამგვარი ოჯახის წევრის კუთვნილი იმგვარი ქონება, რომელიც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას (გირავნობის ან იპოთეკის საგანს) წარმოადგენს.

აქვს თუ არა უფლება აღმასრულებელს დამიკავოს ხელფასი?

იძულებითი აღსრულების პირობებში აღმასრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს გადახდევინება მოვალის ხელფასიდან. ამასთან, აღმასრულებელი ახდენს მოვალის ხელფასის არაუმეტეს 50%-ის დაკავებას. გარდა ამისა, ყადაღისაგან თავისუფლდება მოვალის შემოსავალი საარსებო მინიმუმის ოდენობით. შესაბამისად, თქვენი ხელფასიდან დაკავდება ხელფასის არაუმეტეს 50% და იმგვარად, რომ დარჩენილი თანხა არ იყოს საარსებო მინიმუმის დადგენილ ოდენობაზე ნაკლები. 

მაგალითი: თუ, პირობითად, საარსებო მინიმუმის ოდენობა შეადგენს 206 ლარს, ხოლო თქვენი ხელფასი შეადგენს 400 ლარს, დაკავებას ექვემდებარება მხოლოდ 184 ლარი. ხოლო თუ თქვენი ხელფასი შეადგენს 500 ლარს, დაკავებას ექვემდებარება 250 ლარი.

რას მივაქციოთ ყურადღება სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას?

სესხის მიღებამდე ყურადღებით და დაკვირვებით წაიკითხეთ სესხის ხელშეკრულება, რადგან ის წარმოადგენს თქვენსა და ფინანსურ ორგანიზაციას შორის  შეთანხმების იურიდიულ საფუძველს.ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სესხის ხელშეკრულების თავსართში მოცემულ ინფორმაციას და დარწმუნდით, რომ მასში თავმოყრილი პარამეტრები / მონაცემები (მათ შორის, სესხის ოდენობა, ვადა, საპროცენტო სარგებელი და ა.შ.) სრულად შეესაბამება ფინანსური ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ და შეთანხმებულ პირობებს. 

ფინანსურ ორგანიზაციაში მაქვს მობილური ტელეფონით / ავტომობილით / ოქროს ნაკეთობით უზრუნველყოფილი სწრაფი სესხი. იმის გამო, რომ ვეღარ შევძელი გადახდა ფინანსურმა ორგანიზაციამ უზრუნველყო გირაოს გაყიდვა,

თუ სესხი სრულად უზრუნველყოფილია მოძრავი ქონებით (ანუ სესხის გაცემისას ფინანსურ ორგანიზაციას არ მოუხდენია მსესხებლის გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზი) ფინანსური ორგანიზაციის სესხთან დაკავშირებული სასესხო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ გირავნობის საგნის რეალიზაციის გზით ამონაგები თანხით ან გირავნობის საგნის ფინანსური ორგანიზაციის საკუთრებაში გადაცემის გზით, თუნდაც აღნიშნული არ იყოს საკმარისი ფინანსური ორგანიზაციის მოთხოვნის სრულად დასაფარავად.

ფინანსურ ორგანიზაციაში ავიღე სწრაფი სესხი, რომლის უზრუნველსაყოფადაც დავაგირავე ავტომობილი. ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით ერთ კვირაში მომიხდა ავარია, რომლის შედეგადაც განადგურდა ავტომობილი.

თუ სესხი სრულად უზრუნველყოფილია ავტომობილით (ანუ სესხის გაცემისას ფინანსურ ორგანიზაციას არ მოუხდენია მსესხებლის გადამხდელუნარიანობის დეტალური ანალიზი) მაშინ ფინანსური ორგანიზაციის მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ განადგურებულ ავტომობილზე და მისი მოთხოვნაც მსესხებლის მიმართ დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ ამ ავტომობილის რეალიზაციის გზით ამონაგები თანხით ან დასაკუთრებით.

ეს წესი არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც დამგირავებელმა განზრახ გაანადგურა ავტომობილი.

ვარ თავდები. აქვს თუ არა ფინანსურ ორგანიზაციას უფლება მსესხებლისათვის მოთხოვნის წარდგენის გარეშე პირდაპირ ჩემი ქონებით უზრუნველყოს მოთხოვნის დაკმაყოფილება?

თავდებს შეუძლია უარი თქვას ფინანსური ორგანიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე ფინანსური ორგანიზაცია არ შეეცდება მსესხებლის მიმართ იძულებით აღსრულებას. მაგრამ თუ თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, მაშინ მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული ფინანსური ორგანიზაციის მიერ, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ამასთან, საგულისხმოა, რომ თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ფარგლებში.

როდიდან ჩაითვლება ფინანსური ორგანიზაციის მოთხოვნა ჩემს მიმართ ხანდაზმულად?

სესხის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. შესაბამისად, ფინანსური ორგანიზაციის მოთხოვნა თქვენს მიმართ ხანდაზმული გახდება სესხის გადახდის გრაფიკის ბოლო შეუსრულებელი გადახდიდან სამი წლის გასვლის შემდეგ.

გაითვალისწინეთ, რომ თუ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოახდინეთ დავალიანების ნაწილობრივ გადახდა ამ გადახდის დღიდან ხანდაზმულობის ვადის ათვლაც თავიდან დაიწყება. ამასთანავე ხანდაზმულობის ფაქტზე მითითებით ვერ მოითხოვთ გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.

აქვს თუ არა უფლება ფინანსურ ორგანიზაციას დამაკისროს საკომისიო სესხის ვადაზე ადრე დაფარვისათვის?

დიახ, თუ ეს გათვალისწინებულია თქვენსა და ფინანსურ ორგანიზაციას შორის დადებულ ხელშეკრულებაში. ამასთან, საკომისიოს ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პერიოდია დარჩენილი ხელშეკრულების დასრულებამდე:

პერიოდი

საკომისიოს ოდენობა

0 – 6 თვე

0

6 - 12 თვე

სესხის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%

12 - 24 თვე

სესხის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის  არაუმეტეს 1%

24 <

სესხის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის  არაუმეტეს 2%

 

საკომისიოს მოთხოვნის უფლება ფინანსურ ორგანიზაციას არ აქვს, თუ სესხის რეფინანსირება მთლიანად ან ნაწილობრივ ხდება იმავე ფინანსური ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი სესხით, აგრეთვე, თუ სესხის წინსწრებით დაფარვა ხდება თავად ფინანსური ორგანიზაციის მოთხოვნით ან თუ სესხის წინსწრებით დაფარვა / რეფინანსირება ხდება ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან სესხის ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებებზე მსესხებლის მხრიდან დაუთანხმებლობის მიზეზით.

აქვს თუ არა უფლება ფინანსურ ორგანიზაციას მომთხოვოს საკომისიოს გადახდა ჩემი სესხის ამონაწერის / დავალიანების თაობაზე ცნობის გაცემისათვის?

სესხის თაობაზე ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია ყოველგვარი დამატებითი გადასახდელის გარეშე, დაუყოვნებლივ მოგაწოდოთ ინფორმაცია სესხის ნაშთის, სესხის შემდგომი შენატანის ვადასა და ოდენობის თაობაზე, ხოლო ოვერდრაფტისა და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შემთხვევაში, ინფორმაცია ანგარიშიდან ათვისებული ლიმიტის, საპროცენტო განაკვეთის და მინიმალური სავალდებულო გადასახდელი თანხის თაობაზე.

წელიწადში ერთხელ სესხის ამონაწერის გაცემა უნდა იყოს უფასო. აღნიშნული ინფორმაციის ოფიციალურ ბლანკზე (წინასწარ ამობეჭდილ და სპეციალური აღრიცხვის ტიტულოვან ფურცელზე) განთავსების შემთხვევაში, ფინანსურ ორგანიზაციას უფლება აქვს დააწესოს საკომისიო.

ჩემს სახელზე არ ირიცხება უძრავ-მოძრავი ქონება. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ფინანსური ორგანიზაციის მოთხოვნა ჩემს მიმართ დარჩება აღუსრულებელი?

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი. შესაბამისად, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, თუ 10 წლის განმავლობაში შეიძენთ რაიმე ქონებას ან/და გაგიჩნდებათ შემოსავალი (ხელფასის ან სხვა სახით),  აღმასრულებელი მოახდენს აღნიშნული ქონებით/თანხით აღსრულებას.

სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღმასრულებელი უფლებამოსილია აღწეროს, დააყადაღოს და აუქციონის წესით გაყიდოს თქვენს საცხოვრებელ სახლში (მიუხედავად იმისა, არის თუ არა აღნიშნული საცხოვრებელი სახლი თქვენს საკუთრებაში ან/და ხართ თუ არა რეგისტრირებული აღნიშნულ მისამართზე) არსებული მოძრავი ნივთები, მათ შორის, ავეჯი და ტექნიკა. ამასთან, პირი, რომელსაც უშუალოდ ეკუთვნის / რომელმაც შეიძინა აღნიშნული ნივთები უფლებამოსილია სადავო გახადოს ამ ნივთების დაყადაღება სასამართლოსათვის მიმართვის გზით.

მივიღე ფინანსური ორგანიზაციის სარჩელი ჩემს მიმართ სასესხო დავალიანების დაკისრების თაობაზე. რა სამართლებრივ შედეგებს გამოიწვევს ჩემი მხრიდან შესაგებლის წარდგენა/წარუდგენლობა?

თქვენ, როგორც მოპასუხე, ვალდებული ხართ სარჩელის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მოამზადოთ პასუხი - შესაგებელი და წარუდგინოთ სასამართლოს. ამასთან, სასამართლოს მიზნებისათვის საკმარისია შესაგებელში მიუთითოთ თუნდაც მხოლოდ ის გარემოება, რომ არ ეთანხმებით მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოთხოვნას. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მხრიდან შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო საქმეზე მიიღებს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს ფინანსური ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება და დაგეკისრებათ ფინანსური ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი თანხა სრულად.

აღსრულების ეროვნული ბიუროდან მივიღე გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე შეტყობინება. რა სამართლებრივ შედეგებს გამოიწვევს ჩემი მხრიდან პროტესტის წარდგენა/წარუდგენლობა?

თქვენ, როგორც რესპოდენტი, ვალდებული ხართ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წარადგინოთ წერილობითი პროტესტი აღსრულების ეროვნულ ბიუროში. აღნიშნულ ვადაში პროტესტის წარუდგენლობის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ ფინანსური ორგანიზაციის მოთხოვნის სრულ ოდენობაზე. აღნიშნული ბრძანება არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენს მიმართ დაიწყება სააღსრულებო წარმოება. გაითვალისწინეთ, რომ პროტესტის მომზადებისას საკმარისია თქვენი მხრიდან მხოლოდ დავალიანების არსებობის ფაქტის უარყოფა, ყოველგვარი დამატებითი მტკიცებულების წარდგენის გარეშე. პროტესტის წარდგენის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო უარს ეტყვის ფინანსურ ორგანიზაციას ბრძანების გამოცემაზე და ეს უკანასკნელი იძულებული გახდებამიმართოს სასამართლოს სარჩელით.

რა რისკებთან არის დაკავშირებული დავის არბიტრაჟში წარმოება და რა უპირატესობა აქვს არბიტრაჟს ფინანსური ორგანიზაციისათვის?

არბიტრაჟში დავის წარმოება გაცილებით მოკლე პერიოდში ხორციელდება, ვიდრე სასამართლოში. ამასთან, არბიტრაჟში საქმის განხილვის დროს, როგორც წესი, არ იმართება ზეპირი სხდომები, რაც ართმევს მსესხებელს შესაძლებლობას, ზეპირსიტყვიერად დაასაბუთოს მისი პოზიცია. საგულისხმოა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ფინანსური ორგანიზაცია მსესხებელს სთავაზობს დავის განხილვას იმ არბიტრაჟში, რომელთანაც მას ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს, რაც კიდევ მეტად პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს ფინანსურ ორგანიზაციას მსესხებელთან შედარებით.

მაქვს თუ არა უფლება მოვთხოვო ჩემს მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციას სესხის გადახდის თარიღის ცვლილება და გამოიწვევს თუ არა ეს ჩემი ფინანსური ვალდებულებების ცვლილებას?

დიახ, გაქვთ. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ხელახლა განხორციელდება თქვენი სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თარიღიდან ხელშეკრულების დასრულებამდე პერიოდზე.