სესხის მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა
სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 50%-ს. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ფინანსური ორგანიზაციის მიერ დაწესებული ყველა ფინანსური ხარჯი, მსესხებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით.
სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებისათვის საჭიროა მსესხებლის მიერ თანხის გადახდების დღევანდელი ღირებულება გაუთანაბრდეს მსესხებლის მიერ ფინანსური ორგანიზაციისაგან მიღებული და მისაღები თანხების დღევანდელ ღირებულებას. იგი გამოისახება წლიური პროცენტით და გაიანგარიშება მსესხებლის მიერ სესხზე გაწეული ფინანსური ხარჯების გათვალისწინებით.
სესხთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები
ფინანსური ხარჯი არის ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია ფინანსური ორგანიზაციის მიერ და წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხის მიღების, შენარჩუნების და/ან ამ სესხით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს, კერძოდ:
ა) საპროცენტო ხარჯი/შენატანები;
ბ) მომსახურებაზე ფინანსური ორგანიზაციის მიერ დაწესებული გადასახდელები;
გ) ფინანსური ორგანიზაციის მიერ დაწესებული ტრანზაქციისა და საკომისიო ხარჯი;
დ) აუცილებელი დაზღვევის ხარჯი;
ე) ქონების ღირებულების შეფასების ხარჯი;
ვ) სანოტარო ხარჯი;
ზ) ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასური;
თ) გადასახდელი, რომელსაც მსესხებელი უხდის მესამე პირს სესხით სარგებლობის დასრულების დროს, თუ ეს წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხით სარგებლობის დასრულების და ხელშეკრულებამდე არსებული უფლებების აღდგენისათვის აუცილებელ პირობას;
ი) სხვა პროდუქტით/მომსახურებით სარგებლობასთან დაკავშირებული აუცილებელი გადასახდელები/შენატანები, თუ აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა წარმოადგენს სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და/ან სასესხო ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ, მაგრამ ფაქტობრივ ვალდებულებას;
კ) ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამა თუ იმ პირობის შეუსრულებლობისთვის დაწესებული/მოთხოვნილი ხარჯი, როცა სესხის ხელშეკრულებაში ჩადებული ამ პირობის შესრულება არ მოითხოვება ცალსახად სესხის გაცემის შემდეგ, არამედ შესაძლებელია ამ პირობის შესრულების მოთხოვნა/შემოწმება განხორციელდეს სესხის გაცემამდეც;
ლ) ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან სესხის რაიმე პირობით მიღებისთვის დაწესებული/მოთხოვნილი ხარჯები, როცა სესხის შინაარსი/ბუნება აღნიშნული პირობით მომსახურებას ისედაც ითვალისწინებს;
მ) სხვა მნიშვნელოვანი გადასახდელები, რომელთა შესახებ ფინანსურმა ორგანიზაციამ შეიტყო სესხის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის;
ნ) გადასახადები, რომლის დაკავებას და მსესხებლის სასარგებლოდ ბიუჯეტში გადარიცხვას ახდენს ფინანსური ორგანიზაცია.
იმ შემთხვევაში, როდესაც ფინანსურ ხარჯს მსესხებელი უხდის მესამე პირს და ფინანსურ ორგანიზაციას არ შეუძლია ზუსტი ფინანსური ხარჯის ოდენობის დადგენა, ფინანსურმა ორგანიზაციამ ის უნდა განსაზღვროს აღნიშნული ხარჯის მოსალოდნელი საბაზრო ღირებულების საფუძველზე.
იმ შემთხვევაში, როდესაც მსესხებლის მიერ ფინანსური ხარჯის გადახდის საჭიროება დგება სესხის ხელშეკრულების გაფორმების მომდევნო ეტაპებზე და რომლის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა ფინანსურ ორგანიზაციას წინასწარ არ შეუძლია, ფინანსური ხარჯი შეფასებული უნდა იქნეს მიმდინარე საბაზრო ღირებულების საფუძველზე.
ფინანსურ ხარჯს არ მიეკუთვნება ის ხარჯი, რომლის გადახდაც მსესხებლისათვის სავალდებულო იქნებოდა იმ შემთხვევაშიც, თუ იგი სესხის გარეშე თავად განახორციელებდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის/მომსახურების შეძენას ან/და რომელთა მსესხებლის მიერ გადახდაც მოსალოდნელია სესხის გამოუყენებლობის შემთხვევაშიც.
სავალუტო შეზღუდვა სესხის გაცემისას
200 000 ლარამდე სესხი უნდა გაიცეს მხოლოდ ლარით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სესხის გაცემის შედეგად მსესხებლის ჯამური ვალდებულებები ამავე ფინანსური ორგანიზაციის მიმართ 200 000 ლარს აღემატება. აღნიშნული წესის მიზნებისათვის ლარით გაცემულ სესხად არ მიიჩნევა ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული სესხი.
ინდექსირებული და ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთები
ინდექსირებულია საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით მიბმულია რაიმე საჯარო ინდექსზე და რომლის ცვლილებაც აღნიშნული ინდექსის ცვლილებითაა გამოწვეული, ხოლო ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი არის ყველა სხვა ტიპის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც არ არის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
სესხთან დაკავშირებული ფინანსური სანქციების ლიმიტი და დარიცხვის წესი
სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-ს თითოეული დღისთვის.
სესხის ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე, გარდა ზემოაღნიშნული 0,27%-ისა, მსესხებელს შეიძლება ერთჯერადად აგრეთვე დაეკისროს პირგასამტეხლო არაუმეტეს 20 ლარის ოდენობით.
სესხის ვადაგადაცილებისას, ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე, ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის (მათ შორის, სესხის საპროცენტო განაკვეთისა და ისეთი ხარჯების, რომლებიც შედის სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლაში), სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ყოველი ვადის გადაცილებისას ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას, რომლის გაანგარიშება მოხდება მსესხებლის მიერ სესხის ვადაგადაცილების დაწყების დღიდან და არ გაითვალისწინება ამ დღემდე დაკისრებული ფინანსური ხარჯები თუ სანქციები.
სესხის სრულად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია უფლებამოსილია მსესხებელს დააკისროს საკომისიო, რომლის ოდენობაც განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში სესხის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა;
ბ) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში სესხის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა;
გ) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში სესხის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა.
დაუშვებელია წინსწრებით დაფარვის საკომისიოს დაკისრება, თუ:
ა) ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი;
ბ) სესხის რეფინანსირება მთლიანად ან ნაწილობრივ ხდება იმავე ფინანსური ორგანიზაციის მიერ გაცემული ახალი სესხით;
გ) სესხის წინსწრებით დაფარვა ხდება ფინანსური ორგანიზაციის მოთხოვნით;
დ) სესხის წინსწრებით დაფარვა ან რეფინანსირება ხდება ფინანსური ორგანიზაციის მხრიდან სესხის ხელშეკრულებაში შესატან ცვლილებებზე მსესხებლის მხრიდან დაუთანხმებლობის მიზეზით.
სესხის წინსწრებით ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში, თუ იფარება სესხის საწყისი ძირითადი თანხის მინიმუმ 20%, არანაკლებ 500 ლარის ოდენობით, მსესხებლის მოთხოვნის შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მას შესთავაზოს ახალი გრაფიკის მინიმუმ შემდეგი ალტერნატივები:
ა) ნარჩენი ძირითადი თანხის გადანაწილება იმავე პერიოდზე ყოველთვიური შენატანის შემცირების გზით;
ბ) ყოველთვიური შენატანის იმავე ოდენობის პირობებში დარჩენილი პერიოდის შემცირება.