სესხების გადავადების პროგრამა
2020-06-09
გააზიარე:

მსოფლიოში გამოცხადებული პანდემიისა და კორონა კრიზისის ფონზე, 2020 წლის მარტში ქვეყანაში ამოქმედდა სესხების გადავადების 3 თვიანი პროგრამა, რომლის ფარგლებში გადავადების უფლებით ისარგებლა ყველა ფიზიკურმა პირმა.

აღნიშნული პროგრამის მეორე ეტაპი 10 ივნის დაიწყო. მეორე ეტაპზე სესხების გადავადებით ისარგებლებენ ის მოქალაქეები, რომლებმაც COVID-19-ის ეკონომიკური შოკის ფონზე სამსახურები დაკარგეს, კერძოდ:

ა) ფიზიკური პირების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, რომელმაც COVID-19-ის პანდემიის პირობებში დაკარგა შემოსავლის ძირითადი წყარო, აღნიშნულის გათვალისწინებით სახელმწიფოსაგან დაენიშნება შესაბამისი დახმარება და აღირიცხება სსიპ - შემოსავლების სამსახურის ბაზაში, საბანკო სექტორისაგან მიიღებს დამატებით საკრედიტო ვალდებულებების შესრულების 3 თვით გადავადების შეთავაზებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც COVID-19-ის პანდემიის საწყის ეტაპზე მიიღეს შეთავაზება მომსახურე კომერციული ბანკისაგან. ზემოთაღნიშნული მომხმარებლები კონკრეტულ შეთავაზებებს კომერციული ბანკებიდან მიიღებენ 2020 წლის 10 ივნისიდან.

ბ) ფიზიკური პირების იმ ნაწილს, რომელიც ვერ მოხვდა სახელმწიფო დახმარების პროგრამაში 2020 წლის 10 ივნისამდე და არ არის აღრიცხული სსიპ - შემოსავლების სამსახურის ბაზაში, მაგრამ დაკარგა ძირითადი შემოსავლის წყარო ან შეუმცირდა შემოსავალი იმ ოდენობით, რომ ვერ უზრუნველყოფს საკრედიტო ვალდებულებების შესრულებას, კომერციული ბანკები თავიანთ მონაცემებზე დაყრდნობით გამოავლენენ და შესთავაზებენ საკრედიტო ვალდებულებების შესრულების 3 თვით გადავადებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც COVID-19-ის პანდემიის საწყის ეტაპზე მიიღეს შეთავაზება. აღნიშნული პირები 2020 წლის 10 ივნისიდან დამატებით მიიღებენ მომსახურე კომერციული ბანკებისაგან ინფორმაციას, რის შემდეგაც შეძლებენ მიმართონ მომსახურე კომერციულ ბანკებს.

გ) ყველა იმ პირის კრედიტის რესტრუქტურიზაციის ან/და რეფინანსირების საკითხი, რომელიც არ მოექცევა „ა“ და „ბ“ პუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიაში, განხილული იქნება მათი მხრიდან მომსახურე კომერციული ბანკისათვის მიმართვის შემთხვევაში, ინდივიდუალურად და გადაწყვეტილება მიღებული იქნება მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის, კომერციული ბანკის შეფასების და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით.

ამასთან, საგულისხმოა, რომ ფიზიკური პირებისათვის საკრედიტო ვალდებულებების შესრულების გადავადება არ გულისხმობს გადასახდელი კრედიტის ძირითადი თანხის და დარიცხული საპროცენტო სარგებელის გადახდის ვალდებულების გაუქმებას, აღნიშნული თანხები გადანაწილდება კრედიტის შემდგომ პერიოდზე.