15 აპრილიდან „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“ დებულების ახალი რედაქცია ამოქმედდა
2020-06-12
გააზიარე:

2020 წლის 15 აპრილიდან ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“. ბრძანების ძალაში შესვლით ძალადაკარგულად გამოცხადდა „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“ დებულების 2018 წლის 24 დეკემბრის რედაქცია.

ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების მიზანია საქართველოს საფინანსო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების ხელშეწყობა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისება. აღნიშნული რეგულაციით სესხის გამცემ ორგანიზაციას ევალება შეაფასოს მსესხებლის გადახდისუნარიანობა და არ გასცეს ფიზიკურ პირზე იმაზე მეტი თანხის სესხი ან დააკისროს სხვა ვალდებულება, ვიდრე ფიზიკურ პირს გადახდის რეალური შესაძლებლობა აქვს.

დებულების ახალი, 15 აპრილიდან მოქმედი რედაქციით ეროვნულმა ბანკმა გადახდისუნარიანი მსესხებლებისათვის დაკრედიტების წესი გარკვეულწილად შეარბილა. უფრო მეტი მოქნილობა მიეცათ ფინანსურ ინსტიტუტებს, თავად მოახდინონ მომხმარებელთა შემოსავლების შესწავლა განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც მსესხებელს არ აქვს შემოსავალი, რომელიც დეკლარირებულია შემოსავლების სამსახურში ან ბანკში. აღარ არსებობს თვითდასაქმებულთან ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენლის მისვლის ვალდებულება. ფინანსურმა ორგანიზაციამ თავად უნდა გამოძებნოს მექანიზმები, რომ შეაფასოს თვითდასაქმებულის შემოსავლები.

დაკრედიტების დებულების 15 აპრილამდე არსებული რედაქციით მსესხებლის შემოსავალის მიხედვით იყო რამდენიმე ზღვარი. ეს იყო 1000 ლარამდე, შემდეგ 1000-დან 2000 ლარამდე, 2000-დან 4000-მდე და 4000-ის ზემოთ. 15 აპრილიდან ეს ზღვრები შემცირდა 2-მდე. შედარებით დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის ეს ლიმიტი უფრო მკაცრია, შედარებით მაღალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის კი უფრო მოქნილი. თუ მომხმარებელს აქვს 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი, მას შეუძლია სესხის მომსახურების კოეფიციენტი ჰქონდეს 25%-ი და მაქსიმუმ სესხზე თვეში 250 ლარი იხადოს. ხოლო თუ 1000 ლარზე მეტია შემოსავალი, ამ შემთხვევაში კოეფიციენტი 50%-ია. თუ ადამინს აქვს 2000 ლარი შემოსავალი, შეუძლია 1000 ლარამდე იხადოს სესხზე, რაც საკმაოდ გონივრული ლიმიტია.